დაბადების დღე კალენდარში

უცნაური სევდის დღეა. გეფიქრება და გეცრემლება ყველაფერზე. გეღიმება. გედარდება ის წლები, თვალსა და ხელშუა რომ გაქრა. არ ვიცი რატომ, მაგრამ გერცხვინება კიდევ ერთი წელი რომ მოგემატა, თითქოს დანაშაულია ასაკი. დღესაც ისე ვამბობდი, რამდენის გავხდი, იმ დამნაშავეს ვგავდი, სხვას რომ პარავს და აღიარების რცხვენია. რა უმადურობაა არა? დღეგრძელობდე და არ გინდოდეს. ახალგარზრდად დარჩენა რას ნიშნავს, ''უდროო“ სიკვდილს ხომ არა?– არ მინდა!
დილით  ლოცვა წავიკითხე და კიდევ ერთხელ დავფიქრდი, რომ დავტიროდი იმ წლებს, რომლებიც ბლომად მომეცა და ორჯერ მეტია წინ.  შემრცხვა უმადურობის.
იმდენი თბილი სიტყვები გესმის ამ დღეს, ემოციებისგან აღარ შეგიძლია. როგორ ჭირდები და ეიმედები სხვებს, სწორედ ეს გაძლევს სტიმულს, გეამაყებოდეს შენი ასაკი და გსავლელი გზა.
ჯერ კიდევ შემოდგომით, ახალი წლის კალენდარი რომ გამოდის, პირველი რასაც ვეძებ ჩემი დაბადების დღეა.
ეს დღე რომ დგება, გული სხვანაირად მიცემს, მართლა უცნაური სევდისა და ნოსტალგიის დღეა, მაგრამ სიხარულით, ღიმილით და ანთებული თვალებით სავსე. იმ ხალხის ზღუდე მარტყია, რომელთა წყალობითაც, როგორც ჩემი ერთი მეგობარი იტყოდა, ტანკი რომ დამეჯახოს, ვერაფერს დამაკლებს...

საერო დღესასწაული მგონია ეს დღე და მინდა ყველას ისე უხაროდეს, როგორც მე. 

No comments:

Post a Comment