ვაჟა,
არჩევანი,
თავისუფლება ![]() |
| Add caption |
სკოლაში, როგორც ყველამ, მეც ვისწავლე ვაჟა–ფშაველა. ყოველთვის ვიცოდი, რომ ვაჟა, როგორც დიდი ქართველი პოეტი და შემოქმედი მინიმუმ სამ გენიოსს შორის სახელდება, მაქსიმუმ პირველია.
ჯერ კიდევ მისი სიცოცხლიდან მოყოლებული, ყველა აღიარებს, როგორც უდიდეს პოეტს, მაგრამ უმრავლესობისთვის ბუნების მგოსნად და ლირიკოსად რჩება. არც ცდებიან, ვაჟა, რა თქმა უნდა ბუნების საოცარი მეხოტბეა, მეტიც, ის უბრალოდ არ განადიდებს ბუნებას, არამედ, მთას, არწივს, შვლის ნუკრს, ბალახს, წვიმას, ხეს– ყველაფერს საკუთარ სულ აძლევს, მათ ალაპარაკებს, მათი სახით მოდის. ეს ვაჟას რეინკარნაციაა. ის პირველია!
უამრავი ლექსი და მოთხრობა იტევს პოეტის სულს, მაგრამ ალბათ ყველაზე მეტად პოემა „გველისმჭამელი“.
მაგრამ ეს ვაჟას შემოქმედების მხოლოდ ნაწილია, შეგნებულად წამოწეული ნაწილი, რათა გადაფარონ უფრო დიდი და მთავარი–ადამიანი! საბჭოთა პერიოდში დაწყებული დაჩრდილვა გენიოსების ახლაც გრძელდება, ხშირად გაუცნობიერებლადაც.
ვაჟამ პირველმა შემოიყვანა ადამიანი, როგორც უმაღლესი ქმნილება დედამიწაზე. ადამიანი და არა მასა, ადამიანი და არა „ეთიკური ნორმები“, „ზნეობა“, „რელიგია“, ჩარჩოები...
ვაჟას „ადამიანები“ საუკუნეების მანძილზე ღრმად ფესვებგამდგარ, დოგმატურ ჩარჩოებს არღვევენ. ეს კი მისი ეგზისტენციალიზმია, რაც ჩემი აზრით, ყველაზე მეტად ჩანს „გველისმჭამელში“, „სტუმარ–მასპინძელსა“ და „ალუდა ქეთელაურში“.
ეს სამი პოემა არის XIX-XX საუკუნეების გზაგასაყარზე ის განაცხადი, რაც თავისუფალ, ფასეულობების მქონე ადამიანს უნდა ქონდეს XXI საუკუნის მსოფლიოში.
ამჯერად ჯოყოლასა და ალუდა ქეთელაურზე შევჩერდები....
„სტუმარ–მასპინძელში“ ქისტი ჯოყოლა სახლში დაპატიჟებს ხევსურ ზვიადაურს, რომელიც, მართალია არ იცის, რომ მისი ძმის მკვლელია, მაგრამ, ის დანამდვილებით იცის, რომ ხევსურები მტრები არიან. ზვიადაურიც დაყვა ქისტის ნებას და ესტუმრა სახლში. სოფელმა დაგმო ჯოყოლას საქციელი და თავს ესხმის მის სტუმარს. ის ამაზე აღშფოთებული თემს უპირიპირდება.
ჯოყოლა მაღლა დგას იმ ეთიკურ–ზნეობრივ პრინციპებზე, რაც საზოგადოებაშია, ჯერ კიდევ მაშინ, როცა მტრად აღიარებულ ხევსურს სახლში ეპატიჟება და შემდეგაც, როდესაც მის სახლში სტუმარს შეურაცხყოფენ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჯოყოლა ტრადიციებს არ სცემს პატივს, პირიქით, სწორედ ჩვეულებას იცავს, როცა ამბობს: „დღეს სტუმარია ეგ ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა“, ან „ვის გაუყიდავ სტუმარი, ქისტეთს სად თქმულა ამბადა?“ და ა.შ. მისთვის ყოველი ადამიანი ეროვნების და სარწმუნოების მიუხედავად, სწორედაც ადამიანი და პიროვნებაა. ზვიადაური არ არის უბრალოდ მტერი, იმ მიზეზის გამო, რომ ის ხევსურია.
ამიტომ ჯოყოლა თემისთვის არაორდინალური ხდება და ისინი ერთმანეთს ემიჯნებიან.
ჯოყოლასგან განსხვავებულია ალუდა ქეთელაური. მას სხვა წარმოდგენა აქვს მტერზე, სხვა რელიგიის ადამიანზე. თვლის, რომ ისინი „რჯულძაღლები“ არიან. მაგრამ ალუდა დიდ სულიერ ძვრებს და კათარზისს განიცდის, როცა მტერს კლავს, ერთ დღეში იცვლება მისი ხედვა. საინტერესოა მისი დიალოგი თემთან:
„–იმ ცხონებულსა მუცალსა
რკინა სდებიყო გულადა,
–რას ამბობ, ქისტის ცხონება
არ დაწერილა რჯულადა,
–მით ვაქებ ვაჟკაცობასა,
არ იყიდება ფულადა“...
ჯოყოლას ისტორიის მსგავსად, თემმა და ალუდამ ერთმანეთი ვეღარ იგუეს.
ქეთელაურმა დაინახა, როგორ ებრძვის სიკვდილს ქისტი, „რჯულძაღლი“ მუცალი და გაიგო მთავარი– „რჯულძაღლებიც“ განიცდიან, მათაც ტკივათ, უხარიათ, უყვართ და სწყურიათ სიცოცხლე ზუსტად ისე, როგორც ყველას... ხელს ვერ კიდებს მტრის იარაღს, მარჯვენას ვერ ჭრის დამარცხებულს და პატივს მიაგებს მიცვალებულს– ქეთელაური ტრადიციას არღვევს და სწორედ აქ ხდება მისი სულის და გონების მეტამორფოზა, როცა ადამიანი მოყვასისა და მტრის სიყვარულით, შენდობით და სინანულით ღმერთს პოულობს!
საოცარია ვაჟას აზროვნება იმპერიის არსებობის პირობებში. მართალია, მას ნადაგი გარკვეულწილად 60–იანელებმა მოუმზადეს, მაგრამ, ეს არის ფენომენი, რომელზეც ილიამ თქვა: „ჩვენ ყველამ ძველებმა კალამი გვერდზე უნდა გადავდოთ და გზა ვაჟას დავუთმოთო“. ილიას, რა თქმა უნდა, ესმოდა რა ენაზე საუბრობდა ვაჟა... მისი აზროვნება ეპოქალურად უსწრებს რეალობას, როდესაც ქვეყანა ეროვნული და სოციალური ჩაგვრის მარწუხებშია მოქცეული და ალბათ, რომ არა ავადმყოფობა, ჩემი ვარაუდით, რეპრესიების არაერთ ტალღას მაინც შეეწირებოდა მისი სიცოცხლე...
ვაჟამდე არავის გაურღვევია ის სივრცე, რასაც პიროვნული თავისუფლება ქვია, სადაც განსხვავებულის მიმღებლობა ნორმაა და შეიძლება პირობითი მორალი გვერდზე გადადო, როდესაც საქმე ყველაზე უნიკალურ ქმნილებას–ადამიანს ეხება!
ვაჟამ წამოაყენა პიროვნული თავისუფლების და განვითარების პრობლემა, სადაც ნება და არჩევანი ადამიანს უნდა ეკუთვნოდეს და რომელიც მთელ საზოგადოებას შეცვლის.
ალბათ არ არის შემთხვევითი, რომ საქართველოს მთაში, დაბალ სოციალურ და მატერიალურად შეჭირვებულ ფენაში დაიბადა აზროვნება, რომელიც 70 წელი გამოამწყვდია ცხრათავიანმა დევმა, დაასუსტა და შემდგომ სხვა სახელით მოგვევლინა– დღეს მას ევროპული არჩევანი ქვია... არადა, ეს ქართული ბრენდი– ვაჟას ფილოსოფიაა!
ლიკა მელთაური

No comments:
Post a Comment