მეხსიერება
ბოლო დროს მეხსირებას ვუჩივი, უფრო სწორედ, არის კონკრეტული პატარა ფაქტები, რომელსაც ვერ ვიხსენებ, როდის ან როგორ მოხდა. მაგალითად, გამიკეთებია რაღაც და ხელახლა ვუბრუნდები, აღარ მახსოვს როდის გავაკეთე. ერთადერთი კარია, რომელსაც ბევრჯერ ვამოწმებ ჩავკეტე თუ არა, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ხან ისიც მრჩება ღია. ამას მაშინ მივხვდი, აბანოდან ღიღინით რომ გამოვედი და საწოლზე ჩამოვჯექი ნახევრად შიშველი, თმებს ვიმშრალებდი და იმ კონფერენციაზე ვფიქრობდი, რომელიც ორ საათში დაიწყებოდა, მანამდე სადილი და კარგი ხალხი მელოდა. თვალებმინაბული ვფიქრობდი, ვიდრე ღია კარებიდან სინათლის სვეტი არ შემოიჭრა ვიღაცის ჩრდილიანად და თავზარი არ დამეცა.
ჩემი ბოსი
ჩემი ბოსი იმ უნივერსიტეტის რექტორია, სადაც ვმუშაობ, აბა როგორ იქნებოდა სხვანაირად ჩემი ბოსი. ასე მომწონს რომ მოვიხსენებ და შეიძლება ხშირად ისმინება ჩემგან ეს სიტყვა. ამ ტიპს სხვას ვერაფერს უწოდებ. თავისებურად მკაცრია, ასეთიც, ისეთიც, მაგრამ მაგარია, ვაღიარებ. სიმპატიურიც, ცოტა უჟმურიც, ცოტა გულიანიც. ჯანდაბას მაგისი თავი, მიყვარს, ყველას უყვარს გარშემო. დერეფანში რომ დავინახავ, რაღაც უცნაური ემოცია მაქვს ხოლმე, მაგალითად, გოროზად ჩავივლი და არ ვიმჩნევ. ნუ, მე ასე მგონია და რა ვიცი, აბა, თავი ხომ უნდა დავიმშვიდო ახლა რაღაცით.
ჩემი ბოსის ცოლი
ბოსის ცოლი მართლა მაგარი ქალია. ჩვენთან უკითხავს ინგლისურ ლიტერატურას, მწერალი და მთარგმნელია. ლამაზი და პოზიტიური ადამიანია. ისეთი ღიმილით მოგესალმება, ცივად ვერ ჩაუვლი. დაქალები არ ვართ, მაგრამ თბილი ურთიერთობა გვაქვს.
სასტუმრო
კარგ სასტუმროში ვარ. ვარ რა, ვართ. ჩვენს მოხსენებამდე ორი დღით ადრე ჩამოვედით. ჩემი ნომრის გვერდით ბოსის და მისი ცოლის ნომერია და მთელ გაყოლებაზე სულ კაი–კაი ტიპების. გამიმართლა მათ გვერდით რომ მოვხვდი, კარგი ხედია წინ– კამკამა ზღვა. ზამთარში მიყვარს ბათუმი და ზღვა ძალიან.
მეხსიერების ბოლოთქმა
ასე ღიღინ–ღიღინით რომ ვიმშრალებდი თმას, თვალებდაჭყეტილმა აღმოვაჩინე, რომ კარები ღია დამრჩენია, როდის აღმოვაჩინე?– ასევე ღიღინით ტელეფონში თავჩარგულ ჩემ ბოსს ნომერი რომ შეეშალა. აი, სწორედ მაშინ დამეცა თავზარი. მასაც იგივე დაემართა, გასვლისას ისე დაეჯახა კარებს საშველად მივვარდებოდი შიშველი რომ არ ვყოფილიყავი.
კიდევ ორი დღე დავრჩით მივლინებაში და რამდენჯერაც ბოსს მოვკრავდი თვალს, იმდენჯერ მეც კედელს ვეჯახებოდი სიმწრისგან. ის უარესად იყო, მოკლედ ერთმანეთს სათოფეზე არ ვეკარებოდით. გამონაკლისი ბოლო დღე იყო, როდესაც ერთად უნდა გაგვეკეთებინა კონფერენციის შემაჯამებელი პრეზენტაცია და ცოტა წამუშავება დაგვჭირდა. მე თადარიგი დავიჭირე და მეგობარს ვთხოვე– შეხედე რას ვაკეთებთ, შენი გამოცდილება გვჭირდება–მეთქი. პრეზენტაციამ კარგად ჩაიარა და შემდგომმა სადილმაც. ცოტა ადრე ავედი ნომერში. დილისთვის თბილისში ვბრუნდებოდით და გამზადება და ძილი ვარჩიე.
ისევ ბოსის ცოლი
მგონი უკვე ვთქვი, რომ კარგი ურთიერთობა გვქონდა. ბათუმური ყავის სურნელზე ვსაუბრობდით და პირველსავე დღეს ჩემთან დავპატიჟე ნომერში უფრო გემრიელს დაგალევინებ–მეთქი. მოეწონა. მეორე დილითაც მესტუმრა. მითხრა, თბილისში მე დაგპატიჟებ, კარგ „მექსიკას“ ვაფქვევინებ ხოლმეო. შევთანხმდით.
...
ნომერში ავედი თუ არა, ჩავალაგე ყველაფერი, წყალი გადავივლე და დასაწოლად ვემზადებოდი, ისევ ნახევრადშიშველი ვიყავი, ტელეფონმა რომ დარეკა. ჩემი ბოსი იყო. ხალათი მოვიცვი სასწრაფოდ, თითქოს ისევ დამინახავდა. ჯერ მადლობა გადამიხადა პრეზენტაციისთვის, მერე მისაყვედურა, მალე რატომ წახვედიო, მერე ბოდიშების მოხდა დაიწყო, კარები რომ შეეშალა, მე ვამშვიდებდი, არაფერია, შემთხვევითობები ხდება–მეთქი, მერე გამაოგნებელი რამ მითხრა: მე შენ ერთკვირიან შვებულებას გაძლევ ვიზალიბერალიზაციის აღსანიშნავადო და ვიდრე დენდარტყმულივით თავლებდაჭყეტილი ვიდექი, მოაყოლა– მე და შენ პარიზი დავიმსახურეთო.
რომელ ძილზე იყო ლაპარაკი, იმავე მდგომარეობაში გავათენე...
დილით ისევ ჩემს მეხსიერებას დავტიროდი, კარი ღია როგორ დამრჩა–მეთქი.
სამარშუტო ტაქსიში რომ ვსხდებოდით ბოსი საქმიანი სახით გვათვალიერებდა, შემდეგ შვილების წარმატებით გახარებული მშობელივით კმაყოფილი მოკალათდა მძღოლის გვერდით და სარკიდან გამოგვხედა, ხომ ნაყოფიერი მივლინება გამოვიდაო. მე მიყურებდა. პასუხი არ გამიცია.
საღამოს სახლში დაღლილი ვალაგებდი ჩანთებს.
ჯერ ტელეფონმა დამირეკა. ბოსის ცოლი იყო. მომიკითხა, თავს როგორ ვგრძნობდი და დილით ყავაზე მეპატიჟებოდა. გამეღიმა.
ერთ საათში კარზე იყო ზარი. გავაღე. უნიფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდა ღიმილით მაწვდიდა ყვავილებს, თქვენთვის შეუკვეთესო. ბარათი ამოვიღე: ''ვისადილოთ, დასვენებას მოასწრებ. 7 საათზე დაბლა დაგელოდები''.
...ვიჯექი და ჩემი ბოსის ცოლზე ვფიქრობდი, მხოლოდ ყავის სიყვარული რომ აკავშირებდა ჩემთან, მე კი, გაცილებით მეტი, ვიდრე მას და მეღიმებოდა.
/ლიკა მელთაური. 12.02.2017
No comments:
Post a Comment